სპორტი
06.12.2019 16:15
გორში გურამ გაბუნიას სახელობის ტურნირი ჩატარდება

7-8 დეკემბერს, გორში გურამ გაბუნიას სახელობის ტურნირი გაიმართება. საფეხბურთო მარათონში 11 წლამდე ასაკის სპორტსმენები ჩაერთვებიან და გარდამავალი თასისთვის ერთმანეთს 8 გუნდი დაუპირისპირდება.

საფეხბურთო კლუბ „გორი“-ს ხელმძღანელი, გია ისიანი GMnews-თან საუბრისას ამბობს, რომ მსგავსი ტურნირები ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯია. „ჩვენი მიზანია ფეხბურთის და ზოგადად, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და ნიჭიერი ახალგაზრდა სპორტსმენების წარმოჩენა. როგორც ყოველთვის, ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისათვის, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს ვაკეთებთ. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება სწორედ გურამ გაბუნიას სახელობის ტურნირია. აღსანიშნავია რომ წელს ბატონ გურამს 90 წელი შეუსრულდებოდა და ამ თარიღთან დაკავშირებით, წლევანდელი ღონისძიება უფრო დატვირთული და სანახაობრივი იქნება. გეტყვით იმასაც, რომ წელს, პირველად, ადგილობრივი სპორტსმენების გარდა, ტურნირში სხვადასხვა რეგიონის გუნდებიც ჩაერთვებიან. მოკლედ, ორი დღის განმავლობაში, გორში ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი იქნება“, - აღნიშნა გია ისიანმა.

გურამ გაბუნიას სახელობის ტურნირი 2003 წლიდან, ყოველწლიურად ტარდება. აქვე შეგახსენებთ, რომ გასული წლის გათამასებსი გამარჯვებული გორის გუნდი გახდა.

კვირის ამბები