საზოგადოება
05.01.2022 12:14
7 იანვარს გორში საშობაო ღონისძიებები გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, 7 იანვარს, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 7 იანვარს, გორში, სხვადასხვა სახის გასართობი აქტივობები და სანახაობები 14:00-დან 20 საათამდე გაგრძელდება.

„ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საზოგადოებას შეუძლია იხილოს სანტა კლაუსი, სხვადასხვა ზღაპრის გმირები, ანიმატორი, ელფები, გიგანტური აფრიკული თოჯინა, ასევე, მოეწყობა აზოტის შოუ.

ამასთანავე, გაიმართება 2D ნახატის, თექის რეწვის, ორიგამის, სტენსილით ნახატი ნამუშევრების გამოფენა. დამთვალიერებლებს, ასევე სახის მოხატვის საშუალებაც ექნებათ“, - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გორის ცენტრალურ მოედანზე, 14:30-17:30 საათის მონაკვეთში ლუზიონისტის წარმოდგენა გაიმართება, 15:00-დან 18:00 საათამდე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ჟონგლიორის წარმოდგენა იხილოს. 20:00-დან 20:10 საათამდე მოეწყობა ცეცხლების შოუ, 20:10 საათზე კი - ფოიერვერკი.

რაც შეეხება მუსიკალურ ნომრებს, იმღერებენ: ნოდარიკო ხუციშვილი & ბენდი (17:30 – 18:45 საათი), SALIO (18:45 – 20:00 საათი) და ქუჩის ორკესტრი.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, ღონისძიებები კოვიდრეგულაციების სრული დაცვით გაიმართება.

კვირის ამბები