ნასვამ მდგომარეობაში იყო ორივე, მოხდა კამათი, რასაც შემდგომ ასეთი მძიმე შედეგი მოჰყვა, - ამის შესახებ ძმის მკვლელობისთვის ბრალდებულის საზოგადოებრივმა ადვოკატმა განაცხადა.
მარიამ ინდუაშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდარით ისეა განადგურებული, ისეთ მდგომარეობაშია, რომ იგი გახლავთ არა მხოლოდ ბრალდებული, ამავდროულად, დაზარალებულიცაა.
,,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის განადგურებული, როგორც მან აღნიშნა, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, იქნება პატიმრობაში თუ პატიმრობის გარეშე. ბრალდებული აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას დაეთანხმა. დამერწმუნეთ, მომხდარით ისეა განადგურებული, ისეთ მდგომარეობაშია, რომ იგი გახლავთ არა მხოლოდ ბრალდებული, ამავდროულად, დაზარალებულიცაა.
მოტივი, რომ მოეკლა თავისი ტყუპისცალი, არის აბსოლუტურად აბსურდული. მომხდარის შემდეგ თავად აქცევდა ძმას ყურადღებას, გამოიძახეს სასწრაფო. ნასვამ მდგომარეობაში იყო ორივე, მოხდა კამათი, რასაც შემდგომ ასეთი მძიმე შედეგი მოჰყვა. იგი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, გამოიყენა დუმილის უფლება. პროკურატურის მოტივი, თითქოს, ადგილი ჰქონდა შურისძიებას, ეს არ არის სწორი. ძმასთან ჰქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა და მთელი ამ დღეების განმავლობაში საშინლად განიცდის მომხდარს, ტირის. მართალია, ეს მის მდგომარეობას არ შეამსუბუქებს, მაგრამ ჩვენ დავამტკიცებთ, რომ მას მიზნად არ ჰქონია ძმის მოკვლა“, - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა მარიამ ინდუაშვილმა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას ვადით 13-დან 17 წლამდე ითვალისწინებს.
შემთხვევა სოფელ ახალსოფელში, 1-ელ იანვარს მოხდა. ძმებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 32 წლის გიორგი კუთარაშვილი დანით მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.