საზოგადოება
04.01.2022 12:10
საქართველოში მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო. მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბერის ბრძანების საფუძველზე, სააგენტო 2022-2024 წლების განმავლობაში, საქართველოს 59 მუნიციპალიტეტში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა და თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი) საამზომველო და სარეგისტრაციო საქმიანობებს განახორციელებს.
 
„დღეს არსებული მდგომარეობით, ქვეყანაში მიწების 1/3 დაურეგისტრირებელია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2024 წლის ბოლომდე ეტაპობრივად უზრუნველყოფს ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სისტემურ რეგისტრაციას,“ - განმარტავენ იუსტიციის სამინისტროში.
მათივე ცნობით, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს:
მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.
 
როგორც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მიწის სისტემური რეგისტრაციის პარალელურად, მოქალაქეებს კვლავაც შეეძლებათ ისარგებლონ მიწის სპორადული რეგისტრაციით.
კვირის ამბები