ახალ წელს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ძმებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 32 წლის გიორგი კუთარაშვილი დაიღუპა.
შემთხვევა 1-ელ იანვარს მოხდა, 1990 წელს დაბადებული მამაკაცი კლინიკა ,,გორმედში“ კრიტიკული მდგომარეობით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებით შეიყვანეს.
,,გორმედის“ ექიმის, დავით გასიტაშვილის ინფორმაციით, კლინიკაში შეყვანისას პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო, მას აღენიშნებოდა რამდენიმე დაზიანება, მათ შორის ღვიძლის გამჭოლი ჭრილობა და 3 ლიტრამდე ოდენობის სისხლის დანაკარგი, პაციენტი კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს, შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიებების შემდგომ კი გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია დაიწყო. ოპერაციის მსვლელობისას რამდენჯერმე კვლავ დაფიქსირდა გულის გაჩერება. სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას ვადით 13-დან 17 წლამდე ითვალისწინებს.