კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრების წახალისების მიზნით ქვეყანაში გატარებულმა ღონისძიებებმა, ვაქცინაციის ტემპზე დადებითად იმოქმედა, - ამის შესახებ „გორის მაცნესთან“ საუბრისას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა მარი გიუნაშვილმა განაცხადა.
გიუნაშვილის თქმით, ამცრელ კაბინეტებს მოსახლეობა მას შემდეგ უფრო მეტი ინტენსივობით აკითხავს, რაც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 60-წელს გადაცილებული პირებისთვის წამალისხებელი ღონისძიებები გატარდა.
„როცა ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, საკმაოდ მაღალი იყო ამცრელ კაბინეტებში მოქალაქეთა მიმართვიანობა, თუმცა, შემდეგ, საგრძნობლად დაეცა ტემპი. ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 60-წელს გადაცილებული პირებისთვის (ახლა ეს ასაკობრივი ზღვარი 50 წელზე ჩამოვიდა) ფულადი წამახალისებელი ღონისძიებების გატარება დაიწყო, მომართვიანობამ მნიშვნელოვნად მოიმატა. რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიას, ამ კუთხითაც, 60 წელს გადაცილებული პირები ჭარბობენ, რაც ცალსახად მიუთითებს, რომ საკოორდინაციო საბჭოს აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ აცრების რაოდენობის მატებას ნამდვილად შეუწყო ხელი.
აქვე გეტყვით, რომ მას შემდეგ, რაც ბუსტერ დოზის საჭიროება დადგა დღის წესრიგში, ამ კუთხითაც მოიმატა მოქალაქეთა მომართვიანობამ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, ასევე, პანდემიის მართვის თვალსაზრისით“, - აღნიშნა მარი გიუნაშვილმა.