რჩევები
30.12.2021 13:23
შოკოლადი - ყველაზე მოთხოვნადი საახალწლო ტკბილეული, როგორ განვასხვაოთ ხარისხიანი პროდუქტი უხარისხოსგან

შოკოლადი, ყველასთვის საყვარელი ტკბილეულია, რომელიც განსაკუთრებით ბავშვებს ახარებს. იგი ერთადერთი ნუგბარია, რაზეც ბოლომდე უარის თქმას დიეტოლოგებიც კი არ გვირჩევენ მისი სასარგებლო თვისებების გამო. მაგრამ იმისთვის, რომ შოკოლადისგან სარგებელი მივიღოთ, აუცილებელია ხარისხიანი პროდუქტის და არა ხელოვნური ნაწარმის შეძენა.
GMnews-ი გასწავლით როგორ განვასხვავოთ ხარისხიანი შოკოლადი უხარისხოსგან.
შოკოლადის მთელი „ღირსება“ უკავშირდება მასში კაკაოს ზეთის არსებობას, რომელიც შეიცავს ბუნებრივ ანტიდეპრესანტებსა და სტიმულატორებს: ანტიოქსიდანტებს, ალკალოიდებს, პოლიფენოლებს. რაც მეტია კაკაოს ზეთის წილი შოკოლადში, მით უფრო ხარისხიანია პროდუქტი. ამ მხრივ ლიდერები არის მწარე (55%) და მუქი (40%) შოკოლადი. ამ პროცენტული მაჩვენებლის გამოვლენა მხოლოდ სპეციალური ექსპერტიზის საშუალებით არის შესაძლებელი, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში არ გამოგვადგება, თუმცა, კარგი შოკოლადის არჩევა რთული ექსპერტიზის ჩატარების გარეშეც რა თქმა უნდა შესაძლებელია.

ამისათვის, პირველ რიგში აუცილებელია გავეცნოთ შეფუთვაზე მითითებულ შემადგენლობას:პროდუქტში კაკაოს ზეთის შემცვლელი ცხიმების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5%-ს. ეს ცხიმები, უკეთეს შემთხვევაში, არის პალმის ან რაფსის ზეთები, უარეს შემთხვევაში კი - ლაურინის მჟავაზე დამზადებული სინთეზური შემცვლელები. ამიტომ, თუ შეფუთვაზე მითითებულია დიდი რაოდენობით მცენარეული ზეთის (გარდა კაკაოს ზეთის) შემცველობა, პროდუქტი საეჭვოა.

ნამდვილი შოკოლადის გარჩევა შემცვლელი ზეთებით წარმოებული ანალოგისგან შეიძლება ლღობის ტემპერატურის საშუალებითაც. თუ ნამდვილი შოკოლადის ნატეხს რამდენიმე წამით მუჭში გავიჩერებთ, ის ლღობას დაიწყებს, რადგან კაკაოს ზეთის ლღობის ტემპერატურა 31˚С-ია. სინთეზურ ფილას კი, ასეთ დროს არაფერი მოუვა, რადგან შემცვლელი ზეთები უფრო მაღალ ტემპერატურაზე ლღვება.

გარდა ამისა, ნამდვილ შოკოლადს გლუვი და პრიალა ზედაპირი აქვს. გატეხვისას გაისმის ყრუ ხმა და არ იფხვნება.  უხარისხო შოკოლადის ფილები, პირიქით, უხმოდ ტყდება. რაც ნაკლებია შოკოლადის შემადგენლობაში სტაბილიზატორი და არომატიზატორი, მით უკეთესია პროდუქტი. მწარე შეკოლადის შემადგენლობაში ხშირად შეიძლება შეგვხვდეს სპირტი, კონიაკი და რომი - ისინი გემოს უფრო პიკანტურს ხდის, მაგრამ ამგვარი ფილით ბავშვებს ვერ გავუმასპინძლდებით.კლასიკური ტექნოლოგიების მიხედვით, შოკოლადის მომზადება ემულგატორების  გარეშე ძნელია - წყლისა  და კაკაოს პროდუქტების შერევა მხოლოდ ლეციტინის დახმარებითაა  შესაძლებელი, ხოლო ანტიოქსიდანტების (როგორც წესი, ეს ასკორბინის მჟავაა) შემცველობა ახანგრძლივებს შოკოლადის ვადას - მათ გარეშე ცხიმი სწრაფად (დაახლოებით 3-4 თვეში) ამჟავდება და თეთრი ნადებით დაიფარება.

კვირის ამბები