კულტურა
06.12.2019 12:47
25 წლის წინ დაკარგული 40 ტილო, ცხოვრება ეტლით და მარცხენა ხელით შექმნილი ნამუშევრები - რევაზ მექვაბიშვილის შემოქმედება
ანა ფერაძის სახელობის გორის სამხატვრო სკოლა 9 დეკემბერს რევაზ მექვაბიშვილის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს. საექსპოზიციო სივრცეში, ძირითადად, თვითნასწავლი მხატვრის ის ფერწერული ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი, რომლებიც ხელოვანმა მძიმე ავადმყოფობის პერიოდში, შშმ პირის სტატუსით შექმნა.
პროფესიით ინჟინერი, მხატვარი რევაზ მექვაბიშვილი 1958 წლის 12 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში დაიბადა. ხატვა 29 წლის ასაკში დაიწყო. 1994 წელს, მისი შემოქმედებით პარიზში მდებარე ფრანგულ-იაპონური გალერია დაინტრესდა. მოლაპარაკების შემდეგ, მხატვრის ბიძაშვილს, ბადრი მექვაბიშვილს, ტოკიოში გამოსაფენად 40 უნიკალური ტილო უნდა ჩაეტანა, თუმცა, გაურკვეველი მიზეზის გამო, გზაში მოკლეს, ნახატების კვალი კი, ამ დრომდე უცნობია. აღნიშნული ტრაგედიის შემდეგ, სტრესული მდგომარეობის ფონზე, ხელოვანს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, მას შემდეგ პარალიზებული აქვს მარჯვენა კიდურები და გადაადგილება ეტლით უწევს, თუმცა, 2008 წლიდან დღემდე, შემოქმედებით საქმიანობას მარცხენა ხელით აგრძელებს. რევაზ მექვაბიშვილის ნამუშევრები, სხვადასხვა დროს გამოფენილია საფრანგეთში, იაპონიაში, ინგლისში, ისრაელში, რუსეთსა და აშშ-ში.
კვირის ამბები