გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის საჯარო სკოლის მოსწავლის, ნატალია ანესაშვილის შესახებ ქალაქ პორტლენდის ერთ-ერთმა გამოცემამ სტატია მოამზადა, სადაც ქართველი ახალგაზრდა მშობლიური კულტურისა და თავისი პატარა სოფლის - ხელთუბნის შესახებ მოუთხრობს ამერიკელ ხალხს. სტატიაში ასევე საუბარია ქართული სამზარეულოს და ქართული ტრადიციების შესახებ.
მე-12 კლასის მოსწავლე, ნატალია ანესაშვილი FLEX-ის გაცვლითი პროგრამით ამერიკაში გაემგზავრა. იგი ორეგონის შტატში, ქალაქ მაკმინვილში გაცვლითი პროგრამით სწავლობს და ცხოვრობს დევიდ და შერი ბარტონების ოჯახში.
„ხანდახან იმისათვის, რომ დააფასო რაც გქონდა, საჭიროა ყველაფერს ჩამოშორდე. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა, ჩემი პატარა სოფელი, რომელშიც ყოველდღე დავდიოდი, ის საჭმელები, რასაც დედა ყოველ დილას მახვედრებდა, მეგობრები, რომლებსაც ყოველდღე ვხედავდი სკოლაში და სკოლა, რომელშიც გავიზარდე, მოგონებებად შემორჩა. იმხელა სიყვარულს ვიღებ ყველასგან, რომ ჯერ კიდევ ვერ ვეგუები. მე მანამდე არასდროს გამოვხატავდი, მაგრამ მგონი დროა - უზომოდ მიყვარს ჩემი სოფელი, სკოლა, უსაყვარლესი მასწავლებლები და რაღა თქმა უნდა ბავშვები. ბავშვებო, მადლობა, რომ წამოსვლამდე ძააალიან მაგარი მოგონებები მაჩუქეთ!!!“ - წერს ნატალია ანესაშვილი საკუთარ ფეისბუკის გვერდზე.
ხელთუბნის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მათი მოსწავლის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება და აღნიშნავენ, რომ ნატალიას მისი განსაკუთრებულობითა და გონიერები, მშობლიურ სკოლაშიც ყოველთვის შეეძლო ყურადღების ცენტრში ყოფნა.
„ამჯერად მან შეძლო და დედამიწის მეორე მხარეს გააცნო ადამიანებს მისი პატარა სოფელი - ხელთუბანი. სტატიაში ნატალია საქართველოს კულტურისა და თავისი პატარა სოფლის - ხელთუბნის შესახებ მოუთხრობს ამერიკელ ხალხს, რომლებიც ისე მოიხიბლნენ ნატალიას მომზადებული ქართული კერძებით, მის მიერ მონათხრობი ამბებით სამშობლოს შესახებ, რომ გადაწყვიტეს, სტატია გამოექვეყნებინათ გაზეთში.
„ქართველებს ასეთი გამოთმა გვაქვს: სტუმარი ღვთის საჩუქარიაო“ - ამ სიტყვებით ამთავრებს ნატალია სტატიას. ღვთის საჩუქარი მართლაც რომ შენ და შენნაირი გონიერი და ჭკვიანი მომავალი თაობაა. დღეს საქართველოს მომავალი შენნაირ ადამიანებზე დგას. ხელთუბნის საჯარო სკოლა ამაყობს და ბედნიერია შენით, ბევრი ნატალია სკოლას და ქვეყანას“, - ასე გამოეხმაურა ხელთუბნის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია ნატალია ანესაშვილის შესახებ ამერიკულ გამოცემაში მომზადებულ სტატიას.