მოქალაქეებს, რომლებიც მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე 1-9 იანვრის პერიოდში არიან რეგისტრირებულები, გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა არ ექნებათ, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მოქალაქეები მართვის მოწმობის გამოცდაზე გასვლას მთავრობის მიერ გამოცხადებული უქმე დღეების გამო ვერ შეძლებენ.
„საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული უქმე დღეების გამო მართვის მოწმობის თეორიული და პრაქტიკული გამოცდები არ ჩატარდება. ყველა იმ პირს, ვისაც გამოცდის ჩაბარება 1-9 იანვრის პერიოდში უწევდა, ეს ვადა გაუხანგრძლივდება და გამოცდაზე გასვლის უფლება 10 იანვრიდან მიეცემა. რაც შეეხება 31 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 16:00 საათამდე იმუშავებს“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ უქმე დღეების გამოცხადების გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 22 დეკემბერს მიიღო.