სამართალი
06.12.2019 11:42
ბავშვთა ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებული გორელი ქალი ბრალს არ აღიარებს

არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდების საქმეზე დაკავებული 11 პირიდან ერთ-ერთის, გორში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის უფლებებს ადვოკატი ბონდო ვათიაშვილი იცავს. ვათიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.
„საქმის მასალებს ჯერ არ გავცნობილვარ და შესაბამისად, კონკრეტულ დეტალებზე ვერაფერს გეტყვით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. უზომოდ ცუდ მდგომარეობაშია და უფრო მეტიც, იგი თავს დაზარალებულად ცნობს. ამ ორი თვის განმავლობაშიც დაზარალებულის სტატუსით იკითხებოდა. როგორც ჩემთან საუბრისას განაცხადა, არასრულწლოვანი შვილის ფოტოსესიებზე წაყვანა ახლობელმა ქალმა შესთავაზა. ბავშვი თბილისში, ე.წ. ფოტოსტუდიაში სამჯერ ჰყავდა ჩაყვანილი, თავად ამ ფოტოგადაღებებს არცერთხელ დასწრებია, შვილს გარეთ ელოდებოდა, შესაბამისად, არ იცოდა რა შინაარსის ფოტოებს იღებდნენ. ეუბნებოდნენ, რომ ბავშვებს სამოდელო სააგენტოსთვის იღებდნენ და რადგან ამ სინჯებში მათი სახეც ჩანდა, შესაბამისად, გარკვეული ანაზღაურებაც ეკუთვნოდათ. სხვა მხრივ კი, ოჯახს საკმაოდ კარგი ფინანსური მდგომარეობა აქვს და მატერიალური სარგებელის გამო, ბავშვს ამგვარ გადაღებებზე არავითარ შემთხვევაში არ წაიყვანდა“, - ამბობს GMnews-თან საუბრისას დაკავებულის ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით, გუშინ კიდევ 11 პირი დააკავეს. სულ დაკავებულია 22 პირი, მათგან ორი უცხოეთის მოქალაქეა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კვირის ამბები