ვაქცინაციის წამახალისებელი 200 ლარიანი პროგრამა იანვარშიც გაგრძელდება, ასაკობრივი ზღვარი კი 50 წლამდე დაიწევს
ვაქცინაციაზე 200-ლარიანი დანამატის გაცემა იანვარშიც გაგრძელდება და ასაკობრივი ზღვარი 60-დან 50 წლამდე დაიწევს, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, იანვარში გაგრძელდება წახალისების პროგრამა, რომელიც გულისხმობდა 200-ლარიან წახალისებას 60 წელზე ზემოთ ასაკის პირებისთვის. აქვე კიდევ ერთი სიახლეა. ასაკობრივი ზღვარი დაიწევს 50-წლამდე. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. ამასთან, ბიუჯეტიდან გამოყოფილია იმდენი თანხა, რაც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ყველა ადამიანი, რომელიც იქნება 50 წელს ზემოთ და აიცრება, მიიღებს 200-ლარიან წახალისებას“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.