28.12.2021 13:13
გორის მერია აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების სამედიცინო დახმარების ხარჯს და სკოლიოზით დაავადებული ბენეფიციარების სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსს დააფ
გორის მუნიციპალიტეტის მერია, აუტიზმის სპექტრის მქონე (F84.0; F84.1) ბავშვების (0-დან 18 წლამდე) სამედიცინო დახმარების ხარჯს და სკოლიოზით დაავადებული ბენეფიციარების სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსს დააფინანსებს. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ჯანდაცვის პროგრამებით გათვალისწინებული ფულადი დახმარებებით სარგებლობას მხოლოდ ის პირები შეძლებენ, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არიან რეგისტრირებულები. რაც შეეხება კონკრეტულ პროგრამებს და გათვალისწინებულ თანხებს, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების სამედიცინო დახმარებისთვის გათვალისწინებულია წლის ლიმიტი - 2000 ლარის ოდენობით. სკოლიოზით დაავადებული ბენეფიციარების სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება კი, გულისხმობს II და III ხარისხის სკოლიოზით დაავადებული ბენეფიციარებისთვის საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსის დაფინანსებას საცურაო აუზზე (არაერთჯერადი ფულადი დახმარება; სარეიტინგო ქულა 0-დან 120 000-ის ჩათვლით;) 300 ლარის ოდენობით.
დაინტერესებულმა პირებმა თანხის მისაღებად წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას.
დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამისი დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე MS.GOV.GE.