სამართალი
27.12.2021 13:16
გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, მეზობლებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად მოკლულია ერთი პირი

კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, მეზობლებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად მოკლულია ერთი პირი.

თვითმხილველთა თქმით, დაპირისპირებაში მონაწილე პირები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მეზობლებს შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ერთმანეთს ბასრი საგნებით დაზიანებები მიაყენეს.

ერთ-ერთი დაშავებული, 1967 წელს დაბადებული სერგო ქასოშვილი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, მეორეს კი, კლინიკა ,,გორმედში“ სამედიცინო დახმარება ამბულატორიულად გაეწია.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1956 წელს დაბადებული გ.ძ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქალაქ გორში, თავისივე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობი - 1967 წელს დაბადებული ს.ქ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. პოლიციამ გ.ძ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

კვირის ამბები