დღეს, გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ პირველი ვარკვლავი გაიხსნება. ქალაქის კულტურული ცხოვრების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, პირველ ვარსკვლავს 80 წლის ცნობილ მსახიობს, ლევან (ლეო) ოზგებაშვილს გაუხსნიან, რომელსაც წელს სცენაზე მოღვაწეობის 60 წელი შეუსრულდა.
სცენაზე გადადგმულ პირველ ნაბიჯები, საქართველოს დამსახურებულმა არტისტმა და გორის საპატიო მოქალაქემ GMnews-თან გაიხსენა.
„სახლის სარდაფში მოწყობილი „ერთი მსახიობის თეატრიდან“ გორის კულტურის სახლში გადავინაცვლე, სადაც ერთ-ერთი პრემიერა ჩემს კარიერაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. თურმე, ჩემს სპექტაკლს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ვასილ ყუშიტაშვილი, საქართველოს სახალხო არტისტები: შალვა ხერხეულიძე და ვასილ კახნიაშვილი ესწრებოდნენ. დამთავრდა სპექტაკლი, მტაცეს ხელი და თეატრის დირექტორს, გედეონ ნავროზაშვილს, წარუდგინეს ჩემი თავი. ეს დღე გახდა ჩემი ნამდვილი ცხოვრების დასაწყისი. გეტყვით იმასაც, რომ ერთი პერიოდი საქართველოში დრამატურგების ნაკლებობა შეინიშნებოდა და თეატრების გადასარჩენად სასწრაფოდ ორი პიესა დავწერე. ერთი პიესა - ,,მძევალი“ გორის თეატრში დაიდგა. იმ დროს, როცა სამაჩაბლოში ყველაფერი არეული იყო, დაინიშნა პრემიერა, აჭრელდა მთელი გორი რეკლამებით, ტროლეიბუსებზე გაიკრა ბანერი - ლევან ოზგებაშვილი ,,მძევალი“. შემთხვევით, ეს აფიშა, ჩემ მეზობელს ლამარას წაუკითხია, მოვარდა ჩვენთან და ჩემ მეუღლეს მიატირა: „ოი... ექსტრემისტები ვნახე მიწასთან გასწორებული, რა დააშავა ამ პატიოსანმა კაცმა მძევლად რომ აუყვანიათო“. ასე, სიამ-ტკბილობასა და ავ კარგიანობაში გავლიე სცენაზე სამოცი წელი“, - გვითხრა ლევან ოზგებაშვილმა.