საზოგადოება
24.12.2021 14:28
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გორის 2022 წლის ბიუჯეტის დადგენილების პროექტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

გორის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და მმართველო გუნდის წევრ დეპუტატებს შორის კამათის ფონზე წარიმართა.

ოპოზიცია მუნიციპალიტეტის საფინანსო დოკუმენტს მხარს არ უჭერს. კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომა დატოვეს.

პარტიის ,,გახარია - საქართველოსთვის“ წევრები და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესახებ“ დადგენილების პროექტზე ძველი მოწვევის საკრებულომ იმსჯელა და ამტკიცებს ახალი მოწვევის საკრებულო. მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები კი ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის.

,,გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესახებ“ დადგენილების პროექტზე იმსჯელა ძველი მოწვევის საკრებულომ და ამტკიცებს ახალი მოწვევის საკრებულო, ამ შემთხვევაში, ჩვენი კონსტიტუციური უფლება გვაქვს ჩამორთმეული და არ გვსურს, რომ ამაში მივიღოთ მონაწილეობა, ეს არის ყოვლად სამარცხვინო“, - განცხადა ენმ-ს წევრმა ნანა ლოთიშვილმა.

ოპოზიციის მოსაზრებას არ იზიარებს უმრავლესობა. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, თავით რაზმაძის განცხადებით, ბიუჯეტის დამტკიცების შეფერხება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის არაერთ პრობლემას შექმნიდა.

,,ვერ დაგეთანხმებით იმაში, თითქოს, არაკონსტიტუციურია ეს პროცესი, რომ ბიუჯეტის დადგენილების პროექტზე ძველი მოწვევის საკრებულომ იმსჯელა და დოკუმენტის მიღება ახლა ხდება. საფინანსო დოკუმენტში გათვალისწინებულია ყველა ის საკითხი, რაც მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის. ბიუჯეტი რომ ვერ მიგვეღო და ეს პროცესი გაჭიანურებულიყო, მუნიციპალიტეტში მცხოვრები არაერთი ადამიანი დაზარალდებოდა, მათ შორის ის პირები, ვინც სოციალური დახმარების მიმღებია, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ა.შ. “, - აღნიშნა დავით რაზმაძემ.

საბოლოოდ, 2022 წლის გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს 20-მა წევრმა მხარი დაუჭირა, პარტია ,,გახარია - საქართველოსთვის“ წევრებმა კი კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

„გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესახებ“ დადგენილების პროექტის გარდა, საკრებულოს წევრები დღევანდელ სხდომაზე მერიის, სხვა საჯარო მოხელეების, საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და საშტატო ნუსხების დამტკიცების საკითხსაც განიხილავენ.

ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 36 წევრიდან 24 არის „ქართული ოცნებიდან“ , 9 - „ენმ“-დან და 3 წევრი პარტიიდან „გახარია - საქართველოსთვის“.

კვირის ამბები