საზოგადოება
24.12.2021 11:24
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, საეჭვო ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და ხორცის შენახვის პირობები, ხორცის შეძენისაგან თავი შეიკავოს. როგორც სეს-ის სპეციალისტები აცხადებენ, ახალი წლის დღეებში ხორცპროდუქტების მოხმარება იმატებს. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, კი, ხშირად ხორცის რეალიზება ხდება არაკეთილსაიმედო გარემოში, სადაც არ არის დაცული შენახვის პირობები; უცნობია ხორცის წარმომავლობა, საქონლის დაკვლის ადგილი. ამასთან, არაოფიციალურ სავაჭრო ადგილებში ხორცისა და მისგან წარმოებული პროდუქტის ფასი, შესაძლოა, მცირედით განსხვავდებოდეს სპეციალიზებულ მაღაზიებში, აგრარულ ბაზრებსა და ჰიპერმარკეტებში არსებული ფასებისაგან, თუმცა, მნიშვნელოვანია, მოსახლეობას ახსოვდეს, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი და ა.შ.) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია. ინფიცირებული ცხოველისგან ადამიანი შეიძლება დაავადდეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით.

„ხორცისა და ხორცპროდუქტების შეძენისას, ყურადღება მიაქციეთ შემდეგ გარემოებებს: ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია არაუმეტეს +6 გრადუსისა, ხოლო შენახვის ვადაა 48 საათი. გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: მწარმოებლის დასახელება, სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი); ასევე დამზადების თარიღი და საათი; სურსათის დასახელება - მაგალითად, მსხვილფეხა საქონლის (ძროხის, კამეჩის) ხორცი გაცივებული; თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი, ხოლო თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება; ცხოველთა სასაკლაოზე ვეტერინარის ზედამხედველობით დაკლული ცხოველის ხორცზე უნდა იყოს დასმული ჯანმრთელობის ნიშანდება; სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან (ბრაზილია, უკრაინა და სხვა) იმპორტირებული ხორციც, გაუფრთხილდით თქვენსა და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას და საეჭვო შემთხვევების გამოვლენისას, დარეკეთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 1501“, -ნათქვამია განცხადებაში.

კვირის ამბები