პროგნოზი ასეთია, რომ „ომიკრონის“ გავრცელებამ პიკს შესაძლოა იანვრის შუა რიცხვებში მიაღწიოს. მაშინ ქვეყანა იძულებული იქნება მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებები შემოიღოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა. ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ გავრცელების შემდეგ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 20-25 ათასამდე გაიზარდოს.
„თუ ჩვენ ვერ ავიყვანთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, ვერ გავზრდით აცრების მოცვის მაჩვენებელს, „ომიკრონი“ გვერდს არ აგვივლის. პროგნოზი ასეთია, რომ „ომიკრონის“ გავრცელებამ პიკს შესაძლოა სწორედ იანვრის შუა რიცხვებში მიაღწიოს. მაშინ ქვეყანა იძულებული იქნება მკაცრი შეზღუდვები შემოიღოს, რადგან სხვა გამოსავალი არ არის. თუ ჩვენ პირბადის ტარების მაჩვენებელს ვერ გავზრდით, ვერ გავზრდით აცრის მაჩვენებელს, დღეში თუ „ომიკრონის“ 10, 15, 20 ათასი შემთხვევა გვექნება, სხვა რა გამოსავალი იქნება?
წარმოიდგინეთ, დღეში 20-25 ათასი ინფიცირებული საქართველოსთვის რა იქნება. შესაძლებელია, რომ ეს მოხდეს.
ვატაროთ პირბადე ყველაგან, მოვერიდოთ დიდ ქეიფებს, თუ შესაძლებელია. ეს ახალი წელი აღვნიშნოთ ოჯახში 7-10 კაცმა, ეს დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობასთან და სიცოცხლესთან“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.