22.12.2021 13:53
ისრაელის ხელშეწყობით გორში მიმდინარე პროექტებს ელჩი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო
გორს ისრაელის ელჩი სტუმრობდა. რან გიდორი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური პოტენციალის მნიშვნელობაზე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ელჩი ასევე იმყოფებოდა გორის პირველ და მეცხრე საჯარო სკოლებშიც, სადაც საელჩოს MASHAV-ის (ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო) მხარდაჭერით ,,შალომ კლუბ გურიასა“ და ,,შალომ კლუბ შიდა ქართლთან“ ერთად პროექტი „სუფთა წყალი ბავშვებს“ განხორციელდა. ცნობისთვის, ზემოხსენებული პროექტი სკოლებში ისრაელის მაღალტექნოლოგიური მემბრანული სისტემით აღჭურვილი სასმელი წყლის გასაფილტრი ინოვაციური დანადგარის NAF 250-ის დამონტაჟებას გულისხმობს.
დანადგარები წმენდს ნებისმიერი დაბინძურების წყალს ბიოლოგიური მინარევებისაგან.
ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის ელჩი გორში გიორგი ტატულაშვილის კერამიკის სახელოსნოსაც ეწვია და ოსტატის ნაკეთობები დაათვალიერა.