საზოგადოება
21.12.2021 16:47
ევროკავშირის მხარდაჭერილი მწვანე მეწარმეობის იდეების მარათონში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

CENN-ისა და საზოგადოება „ბილიკის“ პარტნიორობით გამართული მწვანე მეწარმეობის იდეების მარათონის გამარჯვებული ახალგაზრდების დაჯილდოება კასპის ტექნოპარკში გაიმართა.

სოციალური და მწვანე მეწარმეობის იდეათონში, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 27-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. CENN-ის ინფორმაციით, გამარჯვებულ სამეულში ხუთი ახალგაზრდა მოხვდა, რომელთა იდეები განახლებადი ენერგიების დანერგვის პოპულარიზაციას, ქარსაცავი ზოლების მოწყობასა და ნარჩენების მდგრად მართვას ეხებოდა.

 „იდეათონის მიზანი ახალგაზრდებში სოციალური და მწვანე მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ახალი, ინოვაციური იდეების აღმოჩენა იყო. კონკურსში რეგისტრირებულ გუნდებს საშუალება ჰქონდათ ჩართულიყვნენ შესაბამის თემატურ ტრენინგ-მოდულებში და გაეღრმავებინათ ცოდნა სოციალური და მწვანე მეწარმეობის, იდეაციის, ახალგაზრდული საქმიანობისა და გარემოს დაცვის შესახებ“, - ნათქვამია CENN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

I, II და III ადგილზე გასული გამარჯვებული გუნდები გორის სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრის, საზოგადოება „ბილიკისა“ და კასპის ტექნოპარკის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა კომისიამ გამოავლინა. საპრიზო ადგილებზე გასულ კონკურსანტებს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი რეგიონალური პროექტისგან „EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის“ კამპანიების განსახორციელებლად 800, 500 და 300 ლარის ოდენობის თანხები გადაეცათ.  

კვირის ამბები