გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში „მუნიციპალური ახალგაზრდული ფორუმი“ მიმდინარეობს, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდების ინფორმირებულობას, მათ სამოქალაქო აქტივიზმსა და ჩართულობას სოციალურ პროექტებსა თუ პროგრამებში.
ფორუმი დღეს გაიხსნა და ორი დღის განმავლობაში ახალგაზრდები გორის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მათთვის საინტერესო თემებზე იმსჯელებენ და პრობლემატური საკითხების გადაჭრის გზებს დასახავენ.
ფორუმის გახსნას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაზე, ასევე, ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტში, რომელიც გორის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანების“ თანადაფინანსებით ხორციელდება, კონკურსის წესით შერჩეული 75 ახალგაზრდა მონაწილეობს.
ფორუმის ფარგლებში ახალგაზრდები მიიღებენ ინფორმაციას ევროკავშირის გაცვლით პროგრამებზე, ეროვნულ დონეზე განსახორციელებელ ახალგაზრდულ პროგრამებსა და სხვადასხვა შესაძლებლობებზე. ასევე, გაეცნობიან გორის მუნიციპალიტეტში მომუშავე ახალგაზრდული ორგანიზაციების მუშაობის პრინციპსა და მათ მიერ სამომავლოდ განსახორციელებელ აქტივობებს, არასამთავრობო სექტორისა და საჯარო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად გამართონ დისკუსიები, იმუშაონ სხვადასხვა პრობლემურ საკითხებზე.
მუნიციპალურ ახალგაზრდულ ფორუმს ორი დღის განმავლობაში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მასპინძლობს.
როგორც გორის მერიაში აცხადებენ, კოვიდპანდემიის გათვალისწინებით, პროექტის განხორციელებისას დაცული იქნება ყველა სახელმწიფო რეგულაცია.