საზოგადოება
21.12.2021 11:24
ჯანმო საზოგადოებას სადღესასწაულო ღონისძიებების გაუქმებისკენ მოუწოდებს

„გაუქმებული ღონისძიება უკეთესია, ვიდრე შეწყვეტილი სიცოცხლე“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების ფონზე, საზოგადოებას სადღესასწაულო ღონისძიებების გაუქმებისკენ მოუწოდებს.

მისივე თქმით, საჭიროა „რთული გადაწყვეტილებების“ მიღება, რაც რიგ შემთხვევაში ღონისძიებების გაუქმებას ან გადადებას ნიშნავს.

„ყველა ჩვენგანი დაიღალა ამ პანდემიით. ყველა ჩვენგანს სურს, გაატაროს დრო მეგობრებთან და ოჯახთან ერთად. ყველას სურს, დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას. ყველაზე სწრაფი გზა ამის გასაკეთებლად ყველა ჩვენგანისთვის, ლიდერებისა და ინდივიდუალური პირებისთვის, არის რთული გადაწყვეტილებები, რომლებიც მისაღებია საკუთარი თავისა და სხვების დასაცავად. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს ნიშნავს ღონისძიებების გაუქმებას ან გადადებას… უკეთესია, გავაუქმოთ ახლა და ვიზეიმოთ მოგვიანებით, ვიდრე ვიზეიმოთ ახლა და ვიგლოვოთ მოგვიანებით“, - განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

ცნობისთვის, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი აშშ-ში უკვე დომინანტურად გამოცხადდა. 18 დეკემბრის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების 73 პროცენტი „ომიკრონ“ ვარიანტზე მოდის.

კვირის ამბები