„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, თითოეული დევნილი ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა, წელს უკვე მეორედ გაიზარდა. როგორც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში აცხადებენ, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში ცვლილებები შევიდა, რომლის შედეგად განსახლების პროცესი კიდევ უფრო დაიხვეწა და დევნილთა საჭიროებებზე მორგებული გახდა.
„ცვლილებების თანახმად, შესასყიდი სახლის წარმოდგენისთვის იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, 3 თვის ნაცვლად, 6-თვიანი ვადა ეძლევათ.
ამასთან, მნიშვნელოვანია რომ „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროცედურისას, საცხოვრებლის ღირებულების დადგენის მიზნით, საექსპერტო დასკვნა აღარ მომზადება, რაც სრულად პასუხობს დევნილთა მოთხოვნას და განსახლების პროცესს რამდენიმე თვით დააჩქარებს. ცვლილებების თანახმად, ერთსულიანი დევნილი ოჯახისთვის განსაზღვრული თანხა 22 000 ლარს შეადგენს, ხოლო ოჯახის ყოველ შემდგომ წევრზე 3000 ლარი ემატება. მაგალითისთვის, 7-სულიან ოჯახს დევნილთა სააგენტო სახლს, 32 000 ლარის ნაცვლად, 40 000 ლარის ფარგლებში შეუსყიდის.
დევნილთა სააგენტო განსახლების ალტერნატიულ მოდელს სთავაზობს ადმინისტრაციული დაპირების მქონე იძულებით გადაადგილებულ ოჯახებსაც“, - აცხადებენ სააგენტოში.
რაც შეეხება ადმინისტრაციული დაპირების მქონე დევნილებს, მათ შესაძლებლობა ექნებათ, სურვილის შემთხვევაში, არ დაელოდონ მშენებლობების დასრულებას და თავად მოიძიონ საცხოვრებელი ბინა, რომელსაც შემდგომ სააგენტო შეუსყიდის. კვადრატული მეტრის მაქსიმალურ ღირებულებას თბილისში 550 დოლარის, ხოლო რეგიონებში 470 დოლარის ეკვივალენტი ლარში შეადგენს. თანხის საერთო რაოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება.