უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად, შესაბამისად, საავადმყოფოებზე დაწოლა მოიმატებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
იმნაძის თქმით, აცრა არის ერთადერთი ვარიანტი იმისა, რომ თავიდან ავიცილოთ სიკვდილი და მძიმე შემთხვევების დიდი რაოდენობა.
„საეჭვო შემთხვევებს მუდმივად ვიკვლევთ. ამდენ ქვეყანაში უკვე გავრცელებულია და საქართველოშიც გამოჩნდება. „ომიკრონის" ძირითადი ვერაგობა ისაა, რომ ძალიან სწრაფად ვრცელდება. გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე „დელტა“ შტამი. დღეს არსებული მონაცემებით, სიმძიმით არ გამოირჩევა, მაგრამ ის, რომ მაგალითად, ბრიტანეთი პანდემიის განმავლობაში ინფიცირების დღიური მაჩვენებლით რეკორდზე გავიდა, ნიშნავს იმას, რომ განსაკუთრებით ის, ვინც იმუნური არაა, ანუ უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად. შესაბამისად, მოიმატებს საავადმყოფოებზე დაწოლა. რაც არ უნდა ბევრი მსუბუქი შემთხვევა იყოს, იქნება მძიმე შემთხვევებიც, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდება.
მოწოდება არის კვლავ პირბადის ტარება და რაც მთავარია, აცრა, აცრა და აცრა არის ერთადერთი ვარიანტი იმისა, რომ თავიდან ავიცილოთ სიკვდილი და მძიმე შემთხვევების დიდი რაოდენობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით ჩემი თაობის ადამიანებს - ავიცრათ იმისთვის, რომ ჩვენს ახლობლებს ჩვენი გამოტირება არ მოუწიოთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.