ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი სამთავრობო კამპანია 10 დეკემბერს დასრულდება. გორში, მასშტაბური კამპანია ფერწერული ნამუშევრების გამოფენით დაიხურება. დასკვნით ღონისძიებას ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლა უმასპინძლებს, სადაც დამთვალიერებელს სამხატვრო სკოლისა და თავისუფალი სამხატვრო სალონის მოსწავლეების ნამუშევრების გაცნობა შეეძლება.
ზემოხსენებული გამოფენა გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად“ ფარგლებში გაიმართება.
„ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან კამპანიას, საქართველო, მსოფლიოს 154 ქვეყანასთან ერთად, 25 ნოემბერს შეუერთდა. კამპანიის ფარგლებში, გორის გენდერული თანასწორობის საბჭომ არაერთი ღონისძიება განახორციელა - ორგანიზება გაუწია გენდერული თანასწორობის შესახებ ტრენინგს საჯარო მოხელეებისთვის, ასევე, მონაწილეობა მიიღო გენდერული საკითხების პოპულარიზაციის მიზნით ადგილობრივ მედიასაშუალებებში მომზადებულ გადაცემებში. 10 დეკემბერს, 16 საათზე კი, შემაჯამაებელი ღონისძიების სახით, დაინტერესებულ პირებს, ზემოხსენებულ გამოფენაზე ვეპატიჟებით“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.