საზოგადოება
17.12.2021 09:54
დღეს ბარბარობაა

დღეს, 17 დეკემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს დღეს აღნიშნავს.

დიდმოწამე ბარბარე ქრისტეს რჯულის აღიარებისთვის იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311 წწ.) მმართველობის დროს ეწამა. წმიდანი ქალაქ ილიოპოლში ცხოვრობდა და დიდგვაროვანის – დიოსკორეს ერთადერთი ქალიშვილი იყო.

დიოსკორემ გადაწყვიტა, წმინდა ბარბარე ფარულად აღეზარდა. ამისთვის თავის მამულში კოშკი ააშენა, რომელშიც ბარბარეს გარდა, მხოლოდ მისი წარმართი აღმზრდელი და მასწავლებლები ცხოვრობდნენ. ღვთის განგებით და ნებით, ალექსანდრიიდან ილიოპოლისში ვაჭრად გადაცმული მღვდელმთავარი ჩავიდა. მოხდა ისე, რომ მღვდელმთავარმა ბარბარე ქრისტიანულად მონათლა.

ქრისტეს სჯულის ქადაგებისთვის, წმინდა ბარბარე მამის ხელით აღესრულა. მორწმუნე ქრისტიანებმა მისი ნეშტი პატივით დაკრძალეს. VI საუკუნეში, ნეტარი დიდმოწამის წმინდა ნაწილები ჯერ კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს, XII საუკუნეში კი, კიევში იქნა გადასვენებული. ამჟამად, წმინდა ბარბარეს ნეშტი სწორედ კიევის ლავრაშია დაკრძალული.

წმიდა ბარბარეს, განსაკუთრებით, ბავშვებისა და სნეულების მფარველ წმინდანად მიიჩნევენ. ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მორწმუნეები ლობიანებს აცხობენ, თუმცა, როგორც მართლმადიდებელი ეკლესია განმარტავს, ეს ხალხური ტრადიციაა და მას საეკლესიო დღესასწაულთან კავშირი არ აქვს. 

კვირის ამბები