19 დეკემბრიდან საბერძნეთი ყველა მოგზაურისგან PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენას მოითხოვს.
გავრცელებული ინფორმაციით, 19 დეკემბრიდან ყველა მოგზაურს, მათ შორის ვაქცინირებულებსაც, ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა მოუწევთ.
„კორონავირუსის პანდემიის შეჩერების ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენი ქვეყანა მხოლოდ იმ ვიზიტორებს მიიღებს, რომლებსაც ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი ექნებათ“, - ნათქვამია საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, ახალი რეგულაცია 19 დეკემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს. ამასთან, თუ პირმა უცხო ქვეყანაში 48 საათზე ნაკლები დრო გაატარა, ის საბერძნეთში შესვლისას აღნიშნული მოთხოვნისგან გათავისუფლდება.