გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ, თითქოსდა, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გენადი ბესტაევს მკურნალობის დაფინანსებაზე უარი უთხრა, არ შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, გამყოფ ხაზთან მცხოვრები ბესტაევი, ,,საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში დაფინანსებულია 15 000 ლარით. სამინისტროში განსახილველად წარდგენილია დარჩენილი გადასახდელი თანხის (თანაგადახდის წილი - 7 275 ლარი) შესახებ შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლის განხილვაც კომისიის უახლოეს სხდომაზე მოხდება.
,,მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ, თითქოსდა, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გენადი ბესტაევს მკურნალობის დაფინანსებაზე უარი უთხრა, არ შეესაბამება სიმართლეს.
განვმარტავთ, რომ გენადი ბესტაევის სამედიცინო მომსახურების დაფინანსების თხოვნით, განმცხადებელმა დავით ქაცარავამ ჯანდაცვის სამინისტროს 2021 წლის 14 დეკემბერს მიმართა. მოქალაქე გენადი ბესტაევი საოკუპაციო ხაზთან მდებარე რეგიონის მცხოვრებია და ,,საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში დაფინანსებულია 15 000 ლარით. ამ ეტაპზე, სამინისტროში განსახილველად წარდგენილია დარჩენილი გადასახდელი თანხის (თანაგადახდის წილი - 7 275 ლარი) შესახებ შესაბამისი დოკუმენტაცია.
საკითხი განიხილება კომისიის უახლოეს სხდომაზე და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განმცხადებელი ინფორმირებული იქნება დაუყოვნებლივ.
გარდა ამისა, გორის მუნიციპალიტეტის მერია განმარტავს, რომ „2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“ მიხედვით, შესაძლებელია გენადი ბესტაევის, როგორც გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები პირის დახმარება, ამისთვის, პაციენტის ოჯახის უფლებამოსილმა წევრმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც, მოქალაქე დავით ქაცარავას, როგორც სიტყვიერად, ასევე წერილობით ეცნობა, თუმცა, ამ დრომდე მერიაში შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ არის.
გორის მერია კვლავ გამოთქვამს მზაობას, კანონით დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ, დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში, მოახდინოს წესის მიხედვით განსაზღვრული თანხის გადარიცხვა ბესტაევის მკურნალობის მიზნით“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრები გენადი ბესტაევი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დააკავეს და ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფ გენადი ბესტაევს მიმდინარე წლის 15 ნოემბერს ინსულტი განუვითარდა, გვიან ღამით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მიმდინარე წლის 16 ნოემბერს, გენადი ბესტაევი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს და დღემდე სტაციონარული მკურნალობა უტარდება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
ბესტაევთან დაკავშირებით, ექიმმა ტრავმატოლოგმა ვაჟა გაფრინდაშვილმა გუშინ მედიით განაცხადა, რომ ,,გორის მუნიციპალიტეტმა ბესტაევს უარი უთხრა სამედიცინო მკურნალობაზე, არ დაუფინანსა“.