საზოგადოება
05.12.2019 15:22
მართვის მოწმობას ახალი ქვეკატეგორიები ემატება

შსს-ის საგზაო უსაფრთხოების კამპანიის - „მეტი სიცოცხლისთვის“ - ფარგლებში, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში გარკვეული ცვლილებები ახლო მომავალში შევა ძალაში. ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციისა და შემცირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონი რამდენიმე მიმართულებით გაამკაცრა. გარდა იმისა, რომ 17 წლის მოქალაქეები მართვის მოწმობის აღებას ვეღარ შეძლებენ, ნორმატიულ აქტში გატარებული ცვლილებების თანახმად, მოპედებისა და მსუბუქი კვადროციკლების მძღოლებისთვის AM კატეგორიის მართვის მოწმობის აღებაც გახდება საჭირო.

ცნობისთვის, სატრანსპორტო საშუალების არსებულ კატეგორიებს AM (მოპედები და მსუბუქი კვადროციკლები) და A2 ქვეკატეგორია (მოტოციკლს, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს და სიმძლავრის-წონის კოეფიციენტი არ აღემატება 0,2 კვტ/კგ-ს) დაემატა.

შსს-ის მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ მოპედებისა და მსუბუქი კვადროციკლების რეგისტრაცია დაიწყება. აღნიშნულ ტრანსპორტს სახელმწიფო ნომერი მიენიჭება, რათა ე.წ. „ჭკვიანი კამერების“ მიერ აღქმადი გახდეს. შესაბამისად, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები საგზაო მოძრაობის ჩვეულებრივ მონაწილეებად იქცევიან და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არსებული რეგულაციები მათზეც გავრცელდება. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლს მართვის მოწმობა უკვე აქვს, ზემოხსენებული კატეგორიები ავტომატურად მიენიჭება, თუ - არა, მიღებას მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარების შემდეგ შეძლებს.

კვირის ამბები