26 დეკემბერს, 12:00 საათზე, გორის ციხესთან მდებარე იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკვერში საშობაო ბაზრობა გაიმართება. ღონისძიება გორისა და ატენის მიტროპოლიტის, ანდრიას (გვაზავა) ლოცვა-კურთხევით ჩატარდება. მონაწილეობა კი, შეუძლია ყველას, ვისაც ეხერხება ხელნაკეთი ნივთების შექმნა. ქსოვა, ქარგვა, რეწვა, ქმნის სამკაულებს ან აქვს სხვადასხვა სახის შემოქმედებით ნიჭი. ორგანიზატორების თქმით, საშობაო ბაზრობაზე შეგიძლიათ ასევე წარმოადგინოთ საკონდიტრო ნაწარმი, ჩირი, ტყლაპი, ჩურჩხელები, ტრადიციული თუ თანამედროვე სახის ქართული და ევროპული ტკბილეული, ჯემები, კომპოტებსი და მურაბები, მარინადები, სუფთა თაფლი, საოჯახო ღვინო და ა.შ.
„სურვილის შემთხვევაში მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ თქვენც, ვისაც სახლში მოგეპოვებათ ორი ერთნაირი საშობაო თუ საახალწლო თემატიკის სათამაშო, აქსესუარი, მისალოცი ბარათი. ასევე თქვენც - ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ნივთის მქონეთ, რომელიც აღარ მოგწონთ, ან პირიქით - ძალიან მოგწონთ და გემეტებათ სხვისთვის, ან სულაც გსურთ, რომ მას ახალი პატრონი გამოუჩდეს (შესაძლოა წლების მანძილზე სახლში გედოთ რაიმე ნივთი, რომელსაც არ იყენებთ, ვიღაც კი სწორედ ამ ნივთს ასევე წლებია ეძებს და არაა გამორიცხული, ჩვენს ბაზრობაზე შემთხვევით თქვენც იპოვოთ სასურველი რამ). ვისაც სურვილი აქვს საშობაო ბაზრობაში მონაწილეობის მიღების - შეგიძლიათ გამოფინოთ და გაყიდოთ: წაკითხული წიგნები, რომლებსაც გაყიდით ან გადაცვალით წაუკითხავ წიგნებში; ნაძვის ხიდან ჩამოხსნათ ერთი ან რამდენიმე სათამაშო; ზამთრისათვის დამზადებული სანოვაგე; ნებისმიერი რამ, რასაც ჩათვლით, რომ საახალწლოდ / საშობაოდ საჭიროა“, - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველა მონაწილე ვალდებულია: ეკეთოს პირბადე და ერთჯერადი სამედიცინო ხელთათმანი, დაიცვას 2 მეტრის დისტანცია მეორე მონაწილისაგან და ჩაიცვას ძალიან თბილად (კარგი იქნება ჰქონდეს თერმოსი ცხელი სასმელით).
უფრო დეტალური ინფორმაციისთვის კი შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონის ნომერზე: 598 11 88 50; საკონტაქტო პირი - ალექსანდრე