საზოგადოება
14.12.2021 15:47
ბაზრობებზე მოვაჭრეებს სალარო აპარატები 2023 წლამდე აღარ დასჭირდებათ
ფიზიკური პირები, რომლებიც ბაზრობების ტერიტორიაზე მუშაობენ, სალარო-აპარატების გამოყენებისგან 2023 წლამდე გათავისუფლდებიან. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ქართული ოცნების დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივას მხარი უკვე დაუჭირა. როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, საგადასახადო კოდექსში 2019 წელს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან ბაზრობის ტერიტორიაზე მოვაჭრეებს სალარო აპარატი უნდა გამოეყენებინათ, თუმცა, მათ კიდევ ერთი წელი მიეცემათ, რომ სამუშაო ადგილების დაკარგვის გარეშე შეხვდნენ საგადასახადო კოდექსის ახალ მოთხოვნებს.
„იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში პანდემიის შედეგად მთელი რიგი ცვლილებები იქნა გამოწვეული ეკონომიკური საქმიანობის კუთხით, დიდი დარტყმა მიადგა მცირე და საშუალო ბიზნესს, განსაკუთრებით კი, მცირე, მიკრო ვაჭრობის სფეროში ჩაბმულ მოვაჭრეებს. ვფიქრობ, ცვლილება რომელიც გულისხმობს სალარო აპარატებით აღჭურვას, მათთვის დამატებითიხარჯის გაღება იქნება. აქედან გამომდინარე ჩვენ ამ ვითარებას მხედველობაში ვიღებთ და მოვაჭრეებს ერთი წლით გავუხანგრძლივეთ ამ ვალდებულების შესრულება. ასევე ერთი წლით იქნება შეჩერებული კანონის ის ნორმა, რომელიც მსგავსი სალარო აპარატების არქონის შემთხვევაში ჯარიმის დაკისრებას ითვალისწინებს“, - განაცხადა ზემოხსენებული ცვლილებების ერთ-ერთმა ინიციატორმა ეკა სეფაშვილმა.
კვირის ამბები