საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2021-2022 სასწავლო წლის უქმე დღეები უკვე დადგენილია, მათ შორის, ცნობილია არდადეგების პერიოდიც. მიმდინარე სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და მომავალი წლის 14 იანვარს დასრულდება. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ 14 იანვარი პარასკევია, სკოლებში სწავლა 17 იანვრიდან განახლდება.
რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელის, ლია კოვზიაშვილის ინფორმაციით, სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფ საბავშვო ბაღებში, სასწავლო პროცესი 29 დეკემბრის ჩათვლის გაგრძელდება.
„სასწავლო წლის დასაწყისში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ზამთრის არდადეგებისთვის გაგვეთვალისწინებინა 30 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლის არსებული პერიოდი. დღევანდელილი მონაცემებით, ვმოქმედებთ აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება, თუმცა, მოგეხსენებათ, 7 იანვარი პარასკევია და შესაბამისად, სასწავლო პროცესს 10 იანვარს განვაახლებთ“, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას ლია კოვზიაშვილმა.