საზოგადოება
14.12.2021 12:21
ივანე ჩხაიძის რჩევა მათ, ვინც ჩინური ვაქცინითაა აცრილი და ბუსტერის გაკეთებას გეგმავს

„ომიკრონის“ საფრთხის გათვალისწინებით, აუცილებელია ბუსტერ დოზით ვაქცინაცია ჩატარდეს „ფაიზერით“ - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ არსებობდა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ჩინური ვაქცინების შემთხვევაში ბუსტერ დოზის გაკეთება შესაძლებელი იყო იმავე ტიპის ვაქცინით, თუმცა, ეს დამოკიდებულება შეიცვალა.

„რამდენიმე დღის წინ, ჩვენ ვამბობდით, რომ ბუსტერ დოზის გაკეთება ჩინური ვაქცინების შემთხვევაში შესაძლებელია ისევ ამ ტიპის ვაქცინით, ახლა ეს დამოკიდებულება შეცვლილია და უმჯობესია, რომ ბუსტერ დოზა გაკეთდეს „ფაიზერის“ ვაქცინით”. მოგეხსენებათ, საქართველოს რეალობაში ჩვენ ოთხი ტიპის ვაქცინა გვაქვს ქვეყანაში გამოყენებული. „ასტრაზენეკა“ და „ფაიზერი“ აუცილებლად საჭიროებს „ფაიზერის“ ბუსტერ დოზას, ვინაიდან „ასტრაზენეკა“ საქართველოში აღარ არის, მაგრამ ჩინური ვაქცინების შემთხვევაშიც „ომიკრონის“ საფრთხის გათვალისწინებით, ასევე აუცილებელია ბუსტერ დოზით ვაქცინაცია ჩატარდეს „ფაიზერით“, - განაცხადა ჩხაიძემ.

კვირის ამბები