საზოგადოება
14.12.2021 10:44
მიხეილ სააკაშვილმა დაამთავრა პროგრამა, რაც რეფიდინგის დროს იყო შემუშავებული, ანუ საკვების მიღების პროგრამა, იღებს საკვებს გეგმურად, როგორც საჭიროა

პაციენტის ლაბორატორიული მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპზე სიცოცხლისთვის რაიმე საშიში გართულება არ აღენიშნება, დაამთავრა მან პროგრამა, რაც რეფიდინგის დროს იყო შემუშავებული, ანუ საკვების მიღების მთელი პროგრამა. იღებს საკვებს გეგმურად, ისე როგორც საჭიროა კალორაჟის სრული დაცვით, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის წევრმა ნინო შარაშენიძემ განაცხადა.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ შარაშენიძემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილთან მუშაობა დაიწყო მეთოდისტმა, რომელმაც  პაციენტის ფიზიკურად გააქტიურების გეგმა უნდა შეადგინოს.

„ჩამოვედით გეგმურ მონიტორინგზე მდგომარეობის შესაფასებლად. გავეცანით პაციენტის ავადმყოფობის მთელ ისტორიას და ერთი კვირის განმავლობაში შესრულებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებს. პაციენტის ლაბორატორიული მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპზე სიცოცხლისთვის რაიმე საშიში გართულება არ აღენიშნება. აქვს ჰემოგლობინი შემცირებული. თუმცა თავის ძირითადი დაავადებიდან გამომდინარე, ქრონიკული დაავადებიდან გამომდინარე, ძალიან მაღალი ჰემოგლობინი ისედაც არასდროს არ აქვს. არ აღენიშნება არცერთი ვიტამინის დეფიციტი. არის სუსტად, დღის მეორე ნახევარში ეს სისუსტე გაცილებით თვალშისაცემია ხოლმე, რაც, სავარაუდოდ, მის ემოციურ „ლაბილობას“ უკავშირდება, იღლება ვიზიტორებთან შეხვედრით, იმ ემოციით, რასაც იღებს ტელევიზორიდან. მიხეილ სააკაშვილმა დაამთავრა ის პროგრამა, რაც რეფიდინგის დროს იყო შემუშავებული, ანუ საკვების მიღების მთელი პროგრამა. იღებს საკვებს გეგმურად, ისე როგორც საჭიროა კალორაჟის სრული დაცვით, რაიმე განსაკუთრებული დახმარება ჩვენი მხრიდან ამ ეტაპზე არ სჭირდება.

ფიზიკური დატვირთვის თვალსაზრისით, მასთან უკვე მუშაობს მეთოდისტი, რომელსაც დღეს ჰქონდა საინიციატივო ვიზიტი, შეისწავლა პაციენტის მდგომარეობა და ის გაწერს გეგმას, როგორ უნდა მოხდეს პაციენტის ფიზიკური გააქტიურება. ჩვენ ვურჩიეთ, რომ მეტად აქტიურად ემოძრავა, ადრე უფრო აქტიურად მოძრაობდა, ახლა გაცილებით უფრო ზარმაცობს“, - განაცხადა კონსილიუმის წევრმა.

კვირის ამბები