ახალი წლის დადგომამდე ორ კვირაზე მეტი დროა დარჩენილი, თუმცა, ქალაქში უკვე ხშირად ისმის საახალწლო პიროტექნიკის ხმები. ექიმების განცხადებით, სადღესასწაულო დღეებში ყოველწლიურად ფიქსირდება მათი არასწორი გამოყენების შედეგად დაშავებული პაციენტების მიმართვიანობა.
,,გორმედის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მერაბ მაისურაძის თქმით, წელს, ე.წ. ასაფეთქებლების მოხმარებით გამოწვეული დაზიანებებით, კლინიკაში, ჯერჯერობით, არავის შესულა, თუმცა, მაისურაძე მოზარდებს და მათ მშობლებს შუშხუნების გამოყენებასთან დაკავშირებით სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
,,ამ პროდუქციას, საახალწლო შუშხუნებს, ქართული ანოტაციაც მოჰყვება, სადაც მომხმარებელს შეუძლია, რომ გამოყენების წესებს გაეცნოს, თუმცა, არის ,,ასაფეთქებლები“, რომლებიც ცალობით იყიდება, ასეთ შემთხვევაში კი, მათი მოხმარების წესების გაცნობის შესაძლებლობა მომხმარებელს არ აქვს.
მაქსიმალურად ეცადეთ, დაიცვათ საახალწლო ფოიერვერკების მოხმარების წესები, მინდა გირჩიოთ, რომ ბავშვები მოარიდოთ პიროტექნიკის გამოყენებას. აღნიშნული შუშხუნების თუ ე.წ. ასაფეთქებლების არასწორ გამოყენებას ხშირად ახლავს გართულებები.
ბოლო წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, არ ყოფილა ახალი წლის დღეები, რომ პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად არ დაფიქსირდეს კიდურის, თითების ამპუტაცია, სხვადასხვა სახის დაზიანებები, ჭრილობები... დაშავებულთა შორის კი, უმრავლეს შემთხვევაში ბავშვები არიან.
მშობლების გარეშე, მცირეწლოვანმა ბავშვებმა არ უნდა გამოიყენონ შუშხუნები და ე.წ. ასაფეთქებლები, რადგან ადრეულ ასაკში, პატარებს უჭირთ ექსპლუატაციის წესების გაგება, შესაბამისად, ხშირია დაზიანების ფაქტებიც. გთხოვთ, გააკონტროლოთ, რომ თავიდან აიცილოთ პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად გამოწვეული გაუთვალისწინებელი შემთხვევები“, - აღნიშნა მერაბ მაისურაძემ.
GMnews-ი გთავაზობთ სადღესასწაულო პიროტექნიკის გამოყენებისას გასათვალისწინებელ აუცილებელ რეკომენდაციებს:
* ყურადღება მიაქციეთ საახალწლო პიროტექნიკის ვადას!
* აუცილებლად გაეცანით პროდუქციის მოხმარების წესებს!
* ასაფეთქებლად გამზადებულ პიროტექნიკას ხელში ნუ დაიტოვებთ, აუცილებელია, რომ ე.წ. „ასაფეთქებელი“ ცეცხლის წაკიდებისთანავე გადაგდოთ ადამიანებისგან თავისუფალ სივრცეში!
* ე.წ. „მაშხალები“, რომელსაც ახალი წლის დადგომისას ფანჯრებიდან თუ აივნებიდან ისვრიან, საკმაოდ სახიფათოა. მათი უმრავლესობის მოხმარების წესი გულისხმობს მიწაზე დამაგრებას და ადამიანის რამდენიმე მეტრით მოშორებას!
* ბინაში ნუ აანთებთ და ნუ გამოიყენებთ საახალწლო პიროტექნიკას!