„ის პრინციპები, რითაც საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმამ ფუნქციონირება დაიწყო, ერთმნიშვნელოვნად შესაცვლელია და განვითარება სჭირდება, რომლის მთავარი ამოსავალი, უპირველეს ყოვლისა მოქალაქე უნდა იყოს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას. გახარიას შეფასებით, ჯანდაცვის რეფორმა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მიმართულებაა, რომელიც არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ერთობლივად ყველას დამსახურებაა.
„ამ სისტემურმა ცვლილებებმა, პირველ რიგში, უნდა გაზარდოს ეფექტურობა და შედეგად - მომსახურების ხარისხი, რომელსაც მოქალაქეებს ვაწვდით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველა მოქალაქეს ჰქონდეს სამედიცინო მომსახურების თანაბარი შესაძლებლობები“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ სამედიცინო კლინიკების ხელმძღვანელბთან საუბრისას.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ კლინიკების ხელმძღვანელებთან სამუშაო ფორმატის შეხვედრა გამართა. პრემიერი, იმ პრობლემებითაც დაინტერესდა, რაც კლინიკებს აწუხებთ და სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს საკუთარი ხედვების დაფიქსირება სთხოვა. შეხვედრაზე, ასევე, გაჟღერდა, რომ ჯანდაცვის რეფორმის განვითარების მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც 2-3 დღეში დაკომპლექტდება.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 21 ნოემბერს ძალაში შევიდა მთავრობის 520-ე დადგენილება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის კარდიოლოგიისა და რეანიმაციის სერვისებზე ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს. დადგენილების ამოქმედების მიმართ კერძო კლინიკების წარმომადგენლების ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა. რამდენიმე დღის წინ კი, კლინიკების წარმომადგენლებმა პრემიერს წერილით მიმართეს. მიმართვის საპასუხოდ კი, მთავრობის მეთაურმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს სამუშაო შეხვედრაზე უმასპინძლა, სადაც მათი არგუმენტაცია მოისმინა.