„ფაიზერმა“ უკვე გამოაქვეყნა მტკიცებულებები, რომ სამჯერ აცრილ ადამიანებში გამომუშავებულ ანტისხეულებს აქვთ კორონავირუსის გაცილებით მეტი განეიტრალიზების თვისება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძის თქმით, აღნიშნულ კვლევაში მითითებულია, რომ „ფაიზერს“ აქვს დამცველობითი უნარი და ეს ვრცელდება „ომიკრონის“ შტამის მიმართაც.
„პირველი მტკიცებულებები უკვე დადო „ფაიზერმა“, რომ სამჯერ აცრილ ადამიანებში გამომუშავებულ ანტისხეულებს აქვთ კორონავირუსის გაცილებით მეტი განეიტრალიზების თვისება და განსაკუთრებით „ომიკრონის“ შტამის მიმართ, რაც ადასტურებს, რომ „ფაიზერს“ აქვს დამცველობითი უნარი. ამიტომაც მეტია მოწოდებები, რომ ფართოთ გამოვიყენოთ ბუსტერი. ბევრმა ქვეყანამ ბუსტერი სავალდებულოდ შემოიღო. ასევე, შეამცირა პერიოდი მეორე დოზასა და ბუსტერს შორის, რაც ასევე გავაკეთეთ ჩვენც. არასრული ერთი თვის განმავლობაში 32 000-მდე ადამიანი აიცრა ბუსტერით. 85%-ში გამოიყენება „ფაიზერი“, დანარჩენია „სინოფარმი“ და „სინოვაკი“. უნდა გავითავისოთ, რომ მესამე დოზა აუცილებელი იქნება და შემდგომ დაკვირვებისას არ არის გამორიცხული მეოთხე დოზის გამოყენებაც. ისრაელმა უკვე დაიწყო ამაზე ფიქრი და გამოყენებაც“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვნელის განცხადებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ნიშნები ჩანს და მცირედით იკლებს ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.