გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, ზურაბ ჯირკველიშვილის თქმით, მომავალი წლიდან იგეგმება ჯარიმების სისტემის ამოქმედება და იმ პირებს, ვინც მგზავრობის საფასურს არ გადაიხდიან, ფულადი სანქცია დაეკისრებათ.
ჯირკველიშვილის თქმით, მოქალაქეთა ძალიან დაბალი პროცენტული რაოდენობა იხდის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის საფასურს და მისი შეფასებით, ეს რიცხვი დაახლოებით 25 %-ია.
„თითქმის ერთი წელია, გორში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს. მას შემდეგ, რაც ავტობუსებში თანხის გადახდის ელექტრონული სისტემა დამონტაჟდა, კონტროლიორები მოქალაქეებს მუდმივად მიუთითებენ საფასურის გადახდისაკენ, თუმცა, სამწუხაროდ, ბევრია იმ მგზავრთა რაოდენობა, ვინც, ასე ვთქვათ, ურჩი მგზავრია და არ იხდის მგზავრობის საფასურს. დამერწმუნეთ, მათი დაჯარიმება და ამ სისტემის დანერგვა საჭიროა. შემიძლია გითხრათ, რომ ეს პროცესი ახალი წლიდან დაიწყება. აპარატურის ნაწილი შეძენილია, მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ კი, შევიძენთ აპარატების დანარჩენს ნაწილსაც და დავიწყებთ ჯარიმის სისტემის ამოქმედებას”, - განაცხადა ზურაბ ჯირკველიშვილმა.
რაც შეეხება ჯარიმის ოდენობას, GMnews-ის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2020 წლის 13 ნოემბერს მიღებული N47-ე დადგენილების მიხედვით, ბილეთის გარეშე მგზავრობისთვის პირი დაჯარიმდება 20 ლარით.