მორიგი პრემიერა გორის თეატრში - 22 და 23 დეკემბერს, მაყურებელი „ვენეციელ ვაჭარს“ იხილავს
გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში მორიგი პრემიერისთვის ემზადებიან. 22 და 23 დეკემბერს, მაყურებელი თეატრის დიდ სცენაზე, „ვენეციელ ვაჭარს“ იხილავს.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში, ზემოხსენებული სპექტაკლი გორის თეატრის სცენაზე თანამედროვე რეჟისორმა გოგა თავაძემ დადგა.
„ერისთავის თეატრში წლევანდელი შემოდგომა ორი პრემიერის სამზადისს დაეთმო. ფლორიან ზელერის - „მამა“ მაყურებელმა უკვე გაიცნო. გვსურს, წლის ბოლომდე, მეორე პრემიერაც შევთავაზოთ მაყურებელს - უილიამ შექსპირის „ვენეციელი ვაჭარი“ პირველად იდგმება ჩვენს სცენაზე და რადგან შექსპირის მომზადებას განსაკუთრებული მობილიზება მართებს, დროებით ვწყვეტთ სარეპერტუარო სპექტაკლების ჩვენებას. აქვე ვაანონსებთ პრემიერის თარიღს - 22 და 23 დეკემბერი, 19:00 საათი, ბილეთები უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ თეატრის სალაროში“, - აცხადებენ თეატრში.