საზოგადოება
10.12.2021 10:25
მიმდინარე წლის ბოლოს, 1995-1999 წლებში გამოშვებული ლარის ბანკნოტების მიმოქცევის ვადა იწურება

1995-1999 წლების გამოშვების ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა 2021 წლის ბოლოს იწურება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ეროვნული ბანკი მოსახლეობას შეახსენებს, რომ 2022 წლის 1-ლი იანვრიდან, აღნიშნულ წლებში გამოშვებული ლარის კუპიურების გადაცვლას მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში შეძლებენ.

,,საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს შეახსენებს, რომ 2022 წლის პირველი იანვრიდან,1995 -1999 წლების გამოშვების ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის გადაცვლა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში (თბილისი, კახეთის გზატკეცილი # 72) იქნება შესაძლებელი.

შესაბამისად, 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი ვალდებულია, 1995-99 წლების ემისიის ყველა ნომინალის ბანკნოტებით (თუ ისინი აკმაყოფილებენ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2011 წლის 27 ივნისის N4 დადგენილებით დამტკიცებულ „ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმებითა და მათი მიღება-გამოცვლის წესით“ განსაზღვრულ მოთხოვნებს) ანგარიშსწორება შეუფერხებლად განახორციელოს“, - აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
ლარის თითოეულ კუპიურას გამოშვების თარიღი აწერია ზედა მარცხენა კუთხეში. 1995 -1999 წლებში გამოშვებული ბანკნოტების გადამოწმებას შეძლებთ ელექტრონულად: moneymuseum.nbg.gov.ge

კვირის ამბები