საზოგადოება
09.12.2021 22:17
ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებს

უპირველეს ყოვლისა, მინდა დავიწყო მადლობით. მინდა, მადლობა გადავუხადო სამედიცინო საზოგადოებას, თითოეულ ექიმს, ექთანს და ყველას, ვინც პანდემიის პერიოდში ჩვენთან ერთად დაუღალავად იბრძოდა ჩვენი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის გადასარჩენად, - ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი ჯანდაცვის მინისტრმა იმ საგანგებო ბრიფინგზე, სადაც მინისტრის პორტფელის დატოვების შესახებ განაცხადა.  ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრობა არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. მისივე თქმით, განვლილ პერიოდში ჯანდაცვის სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ღირსეული და სწორი ნაბიჯების გადადგმა მომხდარიყო.

,,უპირველეს ყოვლისა მინდა დავიწყო მადლობით. მინდა მადლობა გადავუხადო სამედიცინო საზოგადოებას, თითოეულ ექიმს, ექთანს და ყველას, ვინც პანდემიის პერიოდში ჩვენთან ერთად დაუღალავად იბრძოდა ჩვენი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის გადასარჩენად. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ვინც გაგებით ეკიდებოდა ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენ ჯანდაცვაში, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადასარჩენად ვიღებდით. მინდა, მადლობა გადავუხადო სამინისტროს გუნდს, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პანდემია იყო, დაუღალავად ებრძოდა იმ უხილავ მტერს, რომელმაც შეიწირა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე. ამისთვის სამინისტროს გუნდი ნამდვილად 24- საათიან რეჟიმში მუშაობდა.

ჩემთვის ჯანდაცვის მინისტრობა არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. განვლილ პერიოდში ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ გადაგვედგა ღირსეული და სწორი ნაბიჯები. ყველა ჩვენი ქმედება და გადაწყვეტილება მიმართული იყო მხოლოდ ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის საუკეთესო გამოსავლის მისაღწევად. მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება და რა თქმა უნდა, მთავარი გამოწვევა და მოქმედების სამიზნე იყო პენდემიასთან ბრძოლა, სამინისტრომ განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც როგორც სოციალურ, ასევე ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების კუთხით აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე და ეს ჩვენთვის არის ძალიან დიდი მიღწევა.

ბოლოს მინდა დავძინო, რომ სამწლიანი, საკმაოდ ინტენსიური მუშაობის შემდეგ, განვლილი კონსულტაციების შედეგად, როგორც პრემიერთან, ასევე პარტიის თავმჯდომარესთან, სწორ გადაწყვეტილებად მივიჩნიეთ, რომ ჩემი შემდეგი საქმიანობა გავაგრძელო პარტია „ქართული ოცნების“, პოლიტსაბჭოში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კვირის ამბები