საზოგადოება
09.12.2021 16:20
შიდა ქართლის მიუსაფარი ცხოველების ინტერმუნიციპალურ სააგენტოში ამჟამად 114 ძაღლი და 25-მდე ლეკვია შეყვანილი

ა(ა)იპ შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოში ცხოველთა რაოდენობის ზრდის პარალელურად, გაიზარდა პერსონალის რაოდენობაც. ამ ეტაპზე, მომვლელის პოზიციაზე სააგენტოს ვაკანსია აქვს გამოცხადებული.

როგორც GMnews-თან საუბრისას ა(ა)იპ შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ აფციაური აცხადებს, სააგენტოში, ამ ეტაპზე, დროებით იმყოფება 114 ძაღლი და 25-მდე ლეკვი.

„მოგეხსენებათ, ა(ა)იპ შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო ხაშურის, ქარელის, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებს ემსახურება. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ როგორც მოსახლეობას ჰგონია, ჩვენი სამსახური არ არის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი. არამედ, აქ შემოყვანილ ცხოველებს, მათ შორის ავადმყოფ და ნაავარიევ ძაღლებს, უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო შემოწმება, შემდეგ სტერილიზაცია-კასტრაცია და ამის შემდეგ ძაღლი გადაგვყავს სპეციალურ ოთახში, სადაც მასზე ხორციელდება დაკვირვება. 10 დღის შემდეგ ძაღლს კვლავ ვაბრუნებთ დისლოკაციის ადგილას. ამ დროისთვის, სააგენტოში არსებული ძაღლებისა და ლეკვებისთვის ვეძებთ მზრუნველ პატრონებს, რომ ისინი კვლავ ქუჩას არ დაუბრუნდნენ“, - განაცხადა თამარ აფციაურმა.

შეგახსენებთ, რომ (ა)იპ შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურმა სააგენტომ ფუნქციონირება დაახლოებით სამი თვის წინ დაიწყო. ამ დროის განმავლობაში, სააგენტოში, შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან რამდენიმე ათეული ცხოველი შეიყვანეს და არაერთი მათგანი გაჩუქდა კიდეც.

კვირის ამბები