წითელუბნის სკოლის ბიბლიოთეკა საბავშვო და მხატვრული ლიტერატურით შეივსო. ღონისძიებას ორგანიზება არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია „ეროვნული პლატფორმის“ წარმომადგენლებმა გაუწიეს და ინიციატორებმა საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვეს არსებულ სოფელ წითელუბნის სკოლას, წიგნადი ფონდი თავად გადასცეს.
ღონისძიებას ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ლაშა ტუღუში პირადად დაესწრო და აღნიშნა, რომ საქველმოქმედო აქციას „ევროპა წიგნის სიყვარულია“ მიზანმიმართულად უწოდეს, რათა მომავალ თაობას წიგნისა და ევროპის მიმართ ინტერესი გაუღრმავდეს.
„ჩვენი ორგანიზაცია არ ზოგავს რესურსებს, ვყიდულობთ წიგნებს და შემდეგ, ვჩუქნით ბავშვებს. ვზრუნავთ, რომ უფრო განათლებული და ინტელექტუალი თაობა გვყავდეს. ვფიქრობ, განსაკუთრებული ყურადღება და მზრუნველობა სწორედ იმ მოზარდებს სჭირდებათ, რომლებიც ასეთ რთულ ვითარებაში ცხოვრობენ. ამ ადამიანების მხარდაჭერა მხოლოდ სახელმწიფოს საქმე არ არის, ვფიქრობ, ეს თითოეული ჩვენგანის მორალური ვალია, რომ პატარა კენჭი დავდოთ განვითარებისთვის“, - აღნიშნა ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ ლაშა ტუღუშმა.
წითელუბნის სკოლის ხელმძღვანელი ლამზირა მუზაევი GMnews-თან საუბრისას ამბობს, რომ ისედაც პატარა სკოლის მცირე წიგნადი ფონდის გამრავალფეროვნება მნიშვნელოვანია როგორც სკოლის მოსწავლეების მომავალი განვითარებისთვის, ასევე, პედაგოგებისთვის.
„შესანიშნავი ლიტერატურა მოგვიტანეს, ეს არის როგორც საბავშვო, ასევე, მხატვრული ლიტერატურა. თანაც, გათვლილია ჩვენი სკოლის ასაკის მოსწავლეებზე. საერთო ჯამში, ბიბლიოთეკას 100-მდე წიგნი შეემატა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს. თანამედროვე გამოცემები მოსწავლეებს მეტ მოტივაციას გაუჩენს და საბოლოოდ, ვფიქრობ, მათი ცოდნის დონე აიწევს, ჩვენი მიზანიც სწორედ ესა - გავზარდოთ განათლებული თაობა“, - გვითხრა წითელუბნის სკოლის დირექტორმა, ლამზირა მუზაევმა.
წითელუბნის საბაზო სკოლაში, ამჟამად, 48 მოსწავლე ირიცხება.