საზოგადოება
08.12.2021 17:16
ხიდისთავი-ატენი-ბოშურის საავტომობილო გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეუფერხებლად გრძელდება

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხიდისთავი-ატენი-ბოშურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, გზის დაზიანებული საფარის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და როგორც ცნობილია, პროექტი გზის აღნიშნული მონაკვეთის სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს.

სარეაბილიტაციო გზა, მჭიდროდ დასახლებულ სოფლებზე გადის. GMnews-ის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები მოიცავს გზის სრულ რეაბილიტაციას.  ჩატარდება მიწის სამუშაოები, მოეწყობა საგზაო სამოსი და ხელოვნური ნაგებობები, მიერთებები და ეზოში შესასვლელები, მოინიშნება გზის სავალი ნაწილი. ასევე, ავტომობილების და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილებისათვის, დამონტაჟდება შესაბამისი ნიშნები, მოეწყობა ტროტუარები და ავტოპავილიონი.

„ჩატარებული სამუშაოები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობებს და ხელს შეუწყობს ტანას ხეობაში ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარებას. მოგეხსენებათ, ამჟამად არსებული გზის დაზიანებული კაპიტალური საფარი და სავალ ნაწილზე წარმოქმნილი დიდი ზომის ორმოები გზით სარგებლობას მნიშვნელოვნად ართულებდა. პროექტის დასრულების შემდეგ კი, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ხეობის დამთვალიერებელს მგზავრობა უსაფრთხოდ და კომფორტულად შეეძლება როგორც ატენის სიონის სამონასტრო კომპლექსამდე, ასევე სოფელ ბოშურამდე“, - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები