პროექტის - „მხარდაჭერის სახლი - მომსახურებები დღეგრძელთა ღირსეული ცხოვრებისთვის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში“ - ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში მოხუცებს შინმოვლის სერვისები მიეწოდებათ.
აღნიშნული პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალთა ასოციაცია „თანხმობას“ შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება და ავსტრიის განვითარების სააგენტო აფინანსებს.
როგორც ცნობილია, პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ხანდაზმულებისთვის შინმოვლის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ოთხ მუნიციპალიტეტში - ორი საქართველოში და ორი ბოსნია-ჰერცოგოვინაში, ამასთან წვლილი შეიტანოს ისეთი ინკლუზიური სოციალური პოლიტიკის ჩარჩოს შექმნაში, რომელიც გააუმჯობესებს ხანდაზმულთა მდგომარეობას საზოგადოებაში და უზრუნველყოფს მათი უფლებების რეალიზებას.
გორის მუნიციპალიტეტში შინმოვლის სერვისისა და ღირსეული დაბერების საკითხებთან, შინმოვლის სერვისის შეუფერხებლად მიწოდებასა და ბენეფიციარების შესარჩევ კრიტერიუმებთან დაკავშირებით, გორში პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი შეიკრიბა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი, საკრებულოსა და მერიის, პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„გორის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის მზადაა მხარი დაუჭიროს მსგავსი ხასიათის პროექტებს, რომლებიც ხანდაზმულთა საყოფაცხოვრებო პირობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.