მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის მართვის უფლების მისაღებად დაინტერესებულ პირებს გამოცდის ჩაბარება უკვე შეუძლიათ
„AM“ კატეგორიის - მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის მართვის უფლების მისაღებად დაინტერესებულ პირებს გამოცდის ჩაბარება უკვე შეუძლიათ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში აცხადებენ,
„AM“ კატეგორიის მართვის უფლების მოსაპოვებლად ასაკობრივი ზღვარი 16 წლიდან განისაზღვრა.
„მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის მართვის უფლების მისაღებად, საჭიროა მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარება. უნდა აღინიშნოს, რომ თეორიულ გამოცდაზე გასვლა შესაძლებელია რიგში ადგილის დაჯავშნის გარეშე. გამოცდა წარმატებულად ჩაითვლება, თუ კანდიდატი 20-დან, მინიმუმ 18 კითხვას სწორად გასცემს პასუხს,“ - აცხადებენ მომსახურების სააგენტოში.
უწყების ინფორმაციით, თეორიულ გამოცდაზე პირველად, ერთჯერადად გასვლის დროს, დაინტერესებული პირები სრულად თავისუფლდებიან გამოცდაზე გასვლის საფასურისგან.