კულტურა
04.12.2019 15:53
საკუთარი სახლის სარდაფში მოწყობილი ,,ერთი მსახიობის თეატრიდან“ დამსახურებულ არტისტობამდე - ინტერვიუ ლეო ოზგებაშვილთან

6 დეკემბერს, გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ ვარკვლავი გაიხსნება. ქალაქის კულტურული ცხოვრების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, პირველ ვარსკვლავს 80 წლის ცნობილ მსახიობს, საქართველოს დამსახურებულ არტისტსა და გორის საპატიო მოქალაქეს ლევან (ლეო) ოზგებაშვილს გაუხსნიან, რომელსაც წელს სცენაზე მოღვაწეობის 60 წელი შეუსრულდა.

გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ცნობილ არტისტთან რომელსაც GMnews-ივარსკვლავის გახსნის ცერემონიამდე ორი დღით ადრე ესაუბრა. ბუნებრივია, ცნობილ არტისტთან ინტერვიუს მისთვის დამახასიათებელი იუმორიც გასდევს.

გვიამბეთ თქვენს ბიოგრაფიაზე, რომელიც ალბათ, სხვებივით სტანდარტულად მოსაყოლი არ იქნება...

ჩემს დაბადებაზე არც ქვემეხებს უგრუხუნიათ და არც უკანონოდ შეძენილი ავტომატის კაკანს აუკლია იქაურობა, მამაჩემი მეწაღე გახლდათ და ალუმინის ქვაბისთვის ჩაქუჩით გაუგდებინებია ძირი. ეს იყო1938 წლის 6 ივლისი, დრო საშინელების, უბედურების, განუკითხაობის, ამ ტანჯვას მალეომიც დაერთო და მამა, როგორც ყველა, ომში გაიწვიეს. გაილია ტანჯვა-წამების ხუთი წელიწადი და ომიც დამთავრდა, წასულებიდან ზოგი დაბრუნდა ზოგი - არა და იმ ,,არაში” მამაჩემიც აღმოჩნდა...

ამ უბედურების მერე, რომ გითხრათ - სკოლაში კარგად ვსწავლობდი მეთქი, სიცრუე გამომივა. ისე კი, პედაგოგებს ძალიან ვუყვარდი, იმიტომ რომ გაკვეთილებს არ ვაცდენდი და რაც მთავარია, ზეპირად ვიცოდი ვინ იყო აკაკი, ვაჟა, ილია, გალაკტიონი, ფიროსმანი და თქვენ წარმოიდგინეთ - შოთა რუსთაველი და დავით გურამიშვილიც კი მქონდა გაგონილი...

როგორ გაიხსენებთ თეატრალური ხელოვნების სფეროში პირველ ნაბიჯებს?

სწორედ სკოლაში გამოიკვეთა ჩემი მომავალი პროფესია, როგორც კი სცენაზე ოდნავ გავთამამდი, სკოლის დრამწრე მეცოტავა და სკოლის პარალელურად, საკუთარი სახლის სარდაფში ,,ერთი მსახიობის თეატრი“ გავხსენი, სადაც რეჟისორიც, დირექტორიც და წამყვანი მსახიობიც მე ვიყავი. დამატებით კი, მხოლოდ ერთი შტატი მქონდა დაშვებული - დამლაგებლის, რომელიც ქალბატონ ოლიას ჰქონდა დაკავებული, ისიც იმიტომ, რომ მისი ქალიშვილი მსახიობად ავიყვანე. პირველივე პრემიერაზე დარბაზი გაიჭედა და თექვსმეტივე ბილეთი უცბად გაიყიდა, დაიწყო სპექტაკლი, მოვიდა ის ადგილი, სადაც სატრფოს უნდა მოვხვეოდი და მეკოცნა რომ, ქალბატონ ოლიას კივილი შემომესმა - არ აკოცო, თორემ ჩაგდე კუბოშიო და პარტერიდან ,,გამოფრენილმა“ ოლიამ ,,სატრფო“ ხელიდან ამაცალა, მოქაჩა თმები და ინტელიგენციის თანდასწრებით მომაძახა - საზოგადოებას ატყუებ არა? ერთი მსახიობის თეატრიო აფიშაზე გიწერია და ორნი თამაშობთ ხომ? მილიციაში თუ არ გიჩივლო მე არ ვიყო ოლია დამლაგებელიო! მსახიობდაკარგულმა, სიმშვიდე შევინარჩუნე და ოლიას ჯიბრზე, უქალოდ, სამი სპექტაკლი შევმატე ჩემს რეპერტუარს.

როდის შედგა პირველი „ნათლობა“ დიდ სცენაზე?

ჩემი პირველი ნათლობა თეატრში კულისებიდან დაიწყო. ერთ-ერთ სპექტაკლში, რეჟისორის დავალებით მარცხენა კულისებიდან უნდა დამეყვირა - მიხაა... - ჰაი მიხაა! ორი საათით ადრე მოვდიოდი თეატრში, ვმეცადინეობდი რომ ეს როლი კარგად შემესრულებინა და ნაყოფიც გამოიღო, რეჟისორს ისე მოეწონა ჩემი დაძახებული ,,ჰაი მიხა“, რომ მეორე სპექტაკლში მარჯვენა კულისებში მომცა როლი, ექვსი თვის შემდეგ კი, როგორც იქნა, სცენაზე მოვხვდი. არ ვიცი რა შემამჩნია რეჟისორმა საამისო და დრამატული როლი მათამაშა, რომელიც დრამატულად დამთავრდა... მას შემდეგ ტრაგედიებს აღარ გავკარებივარ.

მსახიობს ყოველთვის ეკითხებიან და გამონაკლისი არც GMnews-ი იქნება - რომელია თქვენი საყვარელი როლი?

არ ვიცი ახლა, მშობლებს თავისი შვილები ყველა ერთნაირად უყვართ და მე რატომ უნდა ვიყო გამონაკლისი, მე ყველა როლი ერთნაირად მიყვარს, გამარჯვებულიც და დამარცხებულიც, იმიტომ რომ მათზე დიდი ამაგი მაქვს გაწეული. იმას კი გეტყვით, რომ ჩემი მოღვაწეობის მანძილზე, ოცდარვა სამხატვრო ხელმძღვანელი მყავს გამოცვლილი, ორმოცდათერთმეტი დამდგმელი რეჟისორი, ოცდაორი დირექტორი და ბატონ რობერტი მაღლაკელიძის ჩათვლით, ქალაქის კულტურის განყოფილების თვრამეტი გამგე, ცოდო არა ვარ, გაძლება არ მინდოდა?!

და ბოლოს, ვფიქრობ, თქვენს მიერ შექმნილ პერსონაჟთა სახეების გათვალისწინებით, უხერხულია საოცნებო როლზე გკითხოთ, ამიტომ აუსრულებელ ოცნებებზე გვითხარით...

ვოცნებობ, ისე არ გამიშვას უფალმა ამ ქვეყნიდან, რომ ჩემი სამაჩაბლო და აფხაზეთი დაბრუნებული არ მაჩვენოს. როგორ მინდა, დავინახო მამის მშობლიური სოფელი ერედვი, რომელთანაც უამრავი მოგონება მაკავშირებს. როგორ მინდა, დედაჩემის მშობლიურ სოფელ აჩაბეთში ჩამოვჯდე ლიახვის პირას და ისევ ძველებურად დავაგემოვნო ის გემრიელი ხეჭეჭურის მსხალი, რომლის ნერგების ძებნაში ბატონმა რამაზ ჩხიკვაძემ მთელი საქართველიო შემოიარა. მე კი ახალგაზრდებს გადავაბარე ჩემი მშობლიური თეატრი და ხანდახან თუ რჩევებს მივცემ, ესეც დიდ სიამოვნებას მომანიჭებს.

 

კვირის ამბები