საზოგადოება
08.12.2021 12:50
რამდენიმე დღის წინ „ომიკრონი“ 6 ქვეყანაში იყო გავრცელებული, დღეს უკვე 52 ქვეყანაშია, ახალ შტამს იოლი გავრცელებისა და გადადების უნარი გააჩნია

კორონავირუსის ახალ შტამს - „ომიკრონს“ იოლი გავრცელებისა და გადადების უნარი გააჩნია, - მის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

ჩხაიძის ვარაუდით, ახალი შტამი ძალიან მალე გახდება დომინანტური.

,,რამდენიმე დღის წინ ,,ომიკრონი“ 6 ქვეყანაში იყო გავრცელებული და დღეს უკვე 52 ქვეყანაშია, ასე რომ, ძალიან სწრაფად იზრდება ინფიცირებისა და იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ინფიცირებაა. რაც შეეხება სხვა ტიპის საფრთხეებს, რა თქმა უნდა, ზამთარში, განსაკუთრებით, დეკემბერ-იანვარში რესპირაციული ინფექციების მატების პიკია, რაც საფრთხეს წარმოადგენს. გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ქვეყანაში ალბათ მალე დაფიქსირდება ახალი მუტაცია, რომელიც თავისთავად მდგომარეობას კიდევ უფრო გართულებს. ამიტომ, ალბათ, დეკემბერ-იანვარი მთელი 2 წლიანი პანდემიის მიმდინარეობისას, ქვეყანაში ყველაზე მძიმე და ყველაზე სერიოზული გამოცდა იქნება, ვინაიდან ასეთი რეალურ საფრთეები წინა ანალოგიურ პერიოდში ნამდილად არ ყოფილა“, -განაცხადა ჩხაიძემ.

ჩხაიძის განმარტებით, ახალ შტამს არ ახასიათებს ხანგრძლივად მაღალი ტემპერატურა, არ ახასიათებს ყნოსვისა და გემოს დაკარგვა და მისი მიმდინარეობა უფრო მეტად არის გაციების მსგავსი.

„ახალ შტამს ახასიათებს უფრო მეტად გაციების მსგავსი მიმდინარეობა, არ ახასიათებს ხველა, არ ახასიათებს ხანგრძლივად მაღალი ტემპერატურა, არ ახასიათებს ყნოსვისა და გემოს დაკარგვა. უფრო მეტად მისი მიმდინარეობა არის გაციების მსგავსი, ერთ-ორი დღის განმავლობაში გამოხატული სიმტომატიკით, თავის ტკივილით, დაღლილობის შეგრძნებით“, - განაცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა.

„ომიკრონთან“ დაკავშირებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზიაციას ორი რეკომენდაცია აქვს - ვაქცინაციის გაზრდა და ე.წ. ბუსტერ დოზის აქტიური გამოყენება.

კვირის ამბები