საზოგადოება
07.12.2021 12:21
მშრალი ხველა, მაღალი ტემპერატურა, ღამით ოფლიანობა - რა სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტს

კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ გამოჩენის შემდეგ, მედიკოსები მუტირებული ვირუსის კვლევასთან ერთად, ჩართულები არიან იმ სიმპტომების იდენტიფიცირებაში, რაც „ომიკრონს“ ახასიათებს.

ცოტა ხნის წინ, მედიაში გარცელდა სამხრეთ აფრიკელი ექიმის, ანჯელიკ კოეტზის ვიდეო, სადაც იგი „ომიკრონის“ შტამით დაავდებული პაციენტების შესახებ საუბრობს. ანჯელიკ კოეტზი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ვირუსის ახალი ვარიანტის წარმოქმნის შესახებ ეჭვები გამოთქვა. როგორც ექიმი ამბობს, ეჭვები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მისი კლინიკის 7 პაციენტს, „დელტა“ ვარიანტისგან განსხვავებული სიმპტომები აღმოაჩნდა.

„პაციენტები კლინიკას, უმეტესად, იმის გამო აკითხავდნენ, რომ საშინელი დაღლილობა აწუხებდათ, ასევე უჩიოდნენ ყელის „ფხაჭნას“ და მშრალ ხველას. „დელტა“ ვარიანტის პაციენტებისგან განსხვავებით, „ომიკრონს“ არ ახასიათებს სუნის ან გენოს დაკარგვა, ჯერ არ გამომჟღავნებულა ჟანგბადის დონის მნიშვნელოვანი ვარდნა. ძირითადი სიმპტომატიკა ასეთია - მშრალი ხველა, მაღალი ტემპერატურა, ღამით ოფლიანობა და ტკივილი სხეულში, დაღლილობა“, - აცხადებს კოეტზი. მისივე თქმით, ყველა მათგანი ექვემდებარებოდა შინ მკურნალობას.

ამასთანავე, ექიმის დაკვირვებით, ახალი ვარიანტი, 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებშია გავრცელებული და პაციენტების დაახლოებით 50%, რომელსაც ის მკურნალობდა, არ იყო აცრილი.

როგორც ცნობილია, „ომიკრონის“ უკვე ათასობით შემთხვევაა გამოვლენილი 38 სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა ამ შტამის შედეგად სიკვდილის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ „ომიკრონის“ კვლევა მიმდინარეობს და იმის დადასტურებას, თუ რამდენად საშიშია და გადამდები ეს ვარიანტი, კიდევ ორი კვირა დასჭირდება.

კვირის ამბები