საზოგადოება
07.12.2021 11:25
როდიდან შესთავაზებს განათლების სამინისტრო მოსწავლეებს ელექტრონულ სახელმძღვანელოებს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, განათლების სამინისტრო მოსწავლეებს ბეჭდვურ სახელმძღვანელოებთან ერთად, ელექტრონულ სახელმძღვანელოებსაც შესთავაზებს. აღნიშნული განცხადება მინისტრმა პარლამენტში, ე.წ. მინისტრის საათის ფორმატში გამართულ მოხსენებაზე გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, სამინისტრო, უცხოურ საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, აქტიურად მუშაობს დამატებითი საგანმანათლებლო რესურსების განვითარებაზე.

განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, მარიამ ჩიქობავას განცხადებით, ელექტრონული სახელმძღვანელოების სტანდარტზე მუშაობა უკვე დაიწყო და ის ყველა საგანს შეეხება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაციფრულება მოხდეს და კიდევ უფრო გამრავალფეროვნება. ერთია, გრიფირებული სახელმძღვანელო, რაც იბეჭდება, თუმცა, მეორე მხრივ, სამომავლო პერსპექტივაში ვფიქრობთ, რომ თუ მთლიანი სახელმძღვანელო არ იქნება, გარკვეული თემები მაინც გაციფრულდეს. ეს სწავლის პროცესს უფრო ინტერაქციულს გახდის. მაგალითად, დავალებების და აქტივობების ნაწილი გაციფრულდება, ჩაერთვება ვიდეოლინკები. ამით გამდიდრებულ რესურსს შევთავაზებთ მოსწავლეებს. ამაზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ არ ვჩქარობთ, რადგან გვინდა, ხარისხიანი იყოს. სტანდარტიც უნდა შემუშავდეს, თუ როგორ უნდა შეფასდეს ეს რესურსი და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს“, - განაცხადა მარიამ ჩიქობავამ.

კვირის ამბები